გურამ მაჭარაშვილი - აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან თანხები არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი მიუღებელია
გურამ მაჭარაშვილი - აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან თანხები არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი მიუღებელია

აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან საკმაოდ სოლიდური თანხები არასწორად, არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ. ამიტომ, მოჭარბებული პოლიტიკური განცხადებები და ემოციები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას სწორი, სამართლიანი და ობიექტური გადწყვეტილება ჰქონდა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია მიტაცებული ჰქონდათ ნიკა გვარამიას და მის თანამზრახველებს. ახლა უკვე დადგინდა, რომ მას და მის თანამზრახველებს ჰქონდათ მიტაცებული თანხები და ეს თანხები ბიუჯეტში იმ მიზეზით არ შედიოდა, თითქოს „რუსთავი 2“-ს ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან საკმაოდ სოლიდური თანხები არასწორად, არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მოჭარბებული პოლიტიკური განცხადებები და ემოციები უსაფუძვლოა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა და საერთაშორისო სასამართლომ კარგად დაინახეს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მედიასაშუალებების ნაწილი ე.წ. დემოკრატიის ფარით სარგებლობს, ვითომ, დემოკრატიის დაცვით სჩადიან არაკანონიერ ქმედებებს. სამართლებრივ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა, ამ პასუხისმგებლობას გაექცე, რადგან საჯარო მოხელე ხარ ან მედიასაშუალების ხელმძღვანელი. მათი საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის. რადიკალურ ოპოზიციასა და ამ მედიასაშუალებებს საერთაშორისო სასამართლომ სავიზიტო ბარათი გადასცა, რომლითაც დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-ს არაკანონიერად ფლობდნენ. ბუნებრივია, ამ ფონზე რაიმე სახის პოლიტიკურ დევნას არავინ დაიჯერებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.