გურამ მაჭარაშვილი – აფხაზეთი მათთვის არ არის თავის ტკივილი, ერთადერთი თავის ტკივილია, პატრონებს მოაწონონ თავი, აქ არეულობა შემოიტანონ

15:43, 18.08.2026

ბარამიძეს განცხადება წამოცდენა არ ყოფილა, მით უფრო, მეორე თუ მესამე დღეს განმარტა და კი არ უარყო, არასწორი ვთქვი, ან შემეშალაო, რისკენაც მოუწოდეს ქართველმა გენერლებმა, არამედ თქვა, დიახ, უბრალოდ სიტყვა დახვრეტა კი არა, სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინაო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოკლავ ადამიანს, რომელიც ჩაგბარდა და აღარ გესვრის, რა მნიშვნელობა აქვს დახვრეტას დაარქმევ თუ სროლას.

„პირდაპირ მორიგ ჯერზე დააბრალა ქართველ ჯარისკაცებს ჩაბარებული ხალხის, ანუ ტყვეების დახვრეტა, ან სროლა. მათ აფხაზეთი არასდროს აინტერესებდათ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და შემდგომაც გამოჩნდა. ამას მიემატა გვარამიას განცხადება, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით გააკეთა. მერე ვითომ უარყო, აფხაზეთი არ ვიგულისხმეო, მაგრამ აბა, ვისი წარმომადგენლები იყვნენ 2-3 წლის წინ რომ გვეუბნებოდნენ, გაიარეთ, გაისეირნეთ აფხაზეთში ტანკებითო. ვინ იყვნენ ესენი. ვინმეს ეგონა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ტანკებით გასეირნება დამთავრდებოდა აფხაზეთის და დანარჩენი ტერიტორიის აღდგენით? ძალიან კარგად იცოდნენ, რითაც დამთავრდებოდა. 2008 წლის შემდგომ ხელისუფლებაში 4 წელი იყვნენ, თვითონ რატომ არ გაისეირნეს ან ტანკებით, ან „ბეტეერებით“ აფხაზეთში? იმიტომ მიუთითებდნენ, რომ ვერ აღწევდნენ იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა. აფხაზეთი მათთვის საერთოდ არაა თავის ტკივილი. მათი ერთადერთი თავის ტკივილია, როგორმე პატრონებს მოაწონონ თავი, რომ აქ რაღაც არეულობა შემოიტანონ იქნება ეს აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, რუსთაველის გამზირიდან, თუ ნებისმიერი ადგილიდან. ეს განცხადებები ზუსტად ამას მოწმობს.

რაც შეეხება კითხვას, რას შესთავაზებს ქართული ხელისუფლება აფხაზებს, ჯერ იმაზე გასცენ ქართველ ერს პასუხი, რა შესთავაზა წინა ხელისუფლებამ რვა თუ ცხრა წლის განმავლობაში? ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ შესთავაზეს ომი, მერე არაფერი შეუთავაზებიათ გარდა იმისა, რომ სამწუხაროდ, დეოკუპაციის პროცესს ხელს კი არ უწყობდნენ რუსეთთან მიმართებით, ხელს უშლიდნენ. როცა შენ საუბრობ, რას სთავაზობ აფხაზურ მხარეს, ჯერ თვითონ უნდა თქვა, რას სთავაზობდი ან რას შესთავაზებ. ეს ხალხი კომენტარის ღირსიც ხომ არაა, არ უყვართ თავისი ქვეყანა. არცერთი კუთხე არაა მათთვის მნიშვნელოვანი. ასეთი ტიპის განცხადება ნიშნავს, რომ შენ საქართველო არ გიყვარს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის,​ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.

მსგავსი