გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ორპალატიანი პარლამენტის მომხრეა 
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ორპალატიანი პარლამენტის მომხრეა 

მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტის ორპალატიან სისტემასთან დაკავშირებით, დარეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის განცხადება, რომელსაც თან ერთვის კანონპროექტი.

მისივე განმარტებით, საჭიროა 200 ათასი, ან მეტი ხელმოწერის შეგროვება, რათა აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირებულად ჩაითვალოს.

„დარეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის განცხადება და არა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც თან კანონპროექტი ერთვის. აქ საუბარია 200 ათას ან მეტი ხელმოწერის შეგროვებაზე, რათა ეს კანონპროექტი დაინიცირებულად ჩაითვალოს. კანონპროექტში მითითებულია პარლამენტის ორპალატიანი სისტემა“ ,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის ორპალატიანი სისტემის ინიციატივას, რომელიც ე.წ. ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელიდანაა გადმოტანილი.

„ეს იდეა არის კარგი ერთის მხრივ იმიტომ, რომ საზოგადოების უმრავლესობა იქნება ჩართული პარლამენტის ორივე პალატის არჩევაში. გარდა ამისა, უფრო მეტი სტაბილურობის განცდა იქნება, რადგან ორპალატიან სისტემაში თითოეული პლატის არჩევის ვადები სხვადასხვაა, შესაბამისად, სტაბილურობის განცდა უფრო მეტი იქნება, ისევე, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში“ ,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა უახლოეს დღეებში ჩაინიშნება, რათა ფორმები, ბლანკები გადაეცეთ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომ ოთხი თვის ვადაში 200 ათასი, ან მეტი ხელმოწერა მოაგროვონ.

„იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პრლამენტში“ ,- დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილება არ შეეხება 2020 წლის არჩევნებს.

„ჩვენ შეთანხმებული ვართ და 2020 წლის არჩევნებს არ ვეხებით. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა ქვეყანაში. მეც მათ შორის კოლეგებთან ერთად მაქვს ეს იდეა, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ ორპალატიანი სისტემა ისევე, როგორც ეს არის ამერიკაში. მაჟორიტარული სისტემით არჩევა იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას ორივე პალატაში ეყოლება პირადად თავისი არჩეული წარმომადგენელი, პარლამენტშის წევრი. საზოგადოების განწყობა როგორი იქნება, დაახლოებით ვიცი. თუმცა საბოლოოდ ეს საზოგადოების უმრავლესობის გადასაწვეტია. სწორედ ამას ემსახურება საინიციატივო ჯგუფის ეს ინიციატივა, რომ ოთხი თვის განმავლობაში საზოგადოებაში გავიდეს ხელმოწერები შეაგროვოს“ ,- განაცხად გურამ მაჭარაშვილმა.