გურამ მაჭარაშვილი - 2024 წლამდე საკმაოდ დიდი დროა, სიჩქარე არ არის საჭირო, მით უფრო საკონსტიტუციო ცვლილებების დროს
გურამ მაჭარაშვილი - 2024 წლამდე საკმაოდ დიდი დროა, სიჩქარე არ არის საჭირო, მით უფრო საკონსტიტუციო ცვლილებების დროს

2024 წლამდე არის საკმაოდ დიდი დრო. ბუნებრივია, სიჩქარე არ არის საჭირო, მით უფრო საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის.

„ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, ეს იყო ჩვენი ინიციატივა და იყო იმ დროს, როდესაც ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია შეძლებდა კონსტრუქციულად ეწარმოებინა პროცესი. სამწუხაროდ, ეს მან, როგორც ყოველთვის, ვერ შეძლო. გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს 113 პარლამენტის წევრის მხარდაჭერით და ამ მხარდაჭერამდე გარკვეული ტიპის კონსულტაციები უნდა გაიმართოს, რაც არის შეუძლებელი იმ ფორმატში, რასაც სთავაზობს საქართველოს საზოგადოებას რადიკალური ოპოზიცია. გარდა ამისა, 2024 წლამდე არის საკმაოდ დიდი დრო და ბუნებრივია, არანაირი სიჩქარე ამ თვალსაზრისით, მით უფრო საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, არ არის საჭირო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილებებზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ოპოზიცია შეიგნებს, რომ შესაძლოა, იყოს განსხვავებულ პოზიციაზე, მაგრამ უნდა იყოს კონსტრუქციული.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

„5 %-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე პირადად, ყველაზე მეტად 5 %-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ, ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.