გურამ კაშიამ მოახლოებულ სანაკრებო თამაშებზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯვაროსნების შანსებიც შეაფასა.
„ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც დადებითი განწყობა შევქმენით და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. მომავალ ორ თამაშში რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ. მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან მოკლე პერიოდი გვაქვს. ახლა კონკრეტულად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. საკვალიფიკაციო ტურნირის კარგად დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს გვსურს, რომ მომავალ ორ თამაშში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ“, – ამბობს გურამ კაშია.
მან მომავალ შესარჩევ ციკლზე პროგნოზი გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენს ჯგუფში ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება, ამიტომ აღნიშნული ორი თამაშის შედეგი ჯგუფში ჯერ არაფერს გადაწყვეტს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა მწვრთნელი, ფეხბურთელები და ალბათ გულშემატკივარიც ისეთი თავდაჯერებულები ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს“,- აცხადებს კაშია.
კაშიას ქართველი ქომაგების თანადგომის იმედი აქვს.
„თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ 23 მარტს „დინამო არენა“ კვლავ გაივსება. ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას და დამატებით ძალას შეგვმატებს“,- აცხადებს გურამ კაშია.
საქართველო-შვეიცარიის მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.