გურამ კაშია - ცუდად ვითამაშეთ, თამამად უნდა გვემოქმედა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კოსვოს მხარესთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში წაგებულ მატჩზე (0:1) კომენტარი გააკეთა.

„რთული თამაში გამოვიდა, დასანანი გოლი გავუშვით. მანამდე იძულებითი ცვლილებაც განხორციელდა. საერთო ჯამში კარგად ვერ ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა უფრო მეტი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ და უფრო თამამად ვიმოქმედოთ. სამწუხაროდ, დღეს ნაჩვენები თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქულა მაინც აგვეღო“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მცველმა ესპანეთთან მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა:

„რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები, ეს წაგება ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო, მისი დავიწყება რთული იქნება, მაგრამ აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გადავერთოთ შემდეგ მატჩზე“.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში 4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 1 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.