გურამ კაშია - აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგეთ ჩვენ გუნდს
გურამ კაშია - აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგეთ ჩვენ გუნდს

ლატვიასთან ერთა თასის შეხვედრამდე ქართველ გულშემატკივარს გურამ კაშიამ მიმართა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან.

„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვ, მატჩის მსვლელობისას ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენ გუნდს. დღეს ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველოს გვჭირდება”, – წერს გურამ კაშია სოციალურ ქსელში.

„ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. „ქართული მარშის“ წევრის, კოტე მორგოშიას განცხადებით, „თუ კაშია ბოდიშს მოუხდის ადამიანებს, რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეილახა, „ქართული მარში“ აქცია-პერფორმანსს სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება, აღარ გამართავს“.

მორგოშიას განცხადებით, ისინი სტადიონზე სხვადახვა სექტორში გადანაწილდებიან და იქიდან გააპროტესტებენ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერას.

ამასთან, დღეს დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა.

შსს-ს ინფორმაციით, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება.

შეგახსენებთ, გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.

ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის „ფეისბუქზე“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.