გურამ იმნაძე - ნარკოდანაშაულზე რიგით საქმეებში სასამართლოს ისეთი სტანდარტები არ აქვს, როგორიც გახმაურებულ საქმეებში განავითარა
გურამ იმნაძე - ნარკოდანაშაულზე რიგით საქმეებში სასამართლოს ისეთი სტანდარტები არ აქვს, როგორიც გახმაურებულ საქმეებში განავითარა

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებს, გამოძიებას დღეს აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, რაც კანონმდებლობის პრობლემაც არის და პრაქტიკისაც, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა და პროექტის კოორდინატორმა, გურამ იმნაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ნარკოდანაშაულში განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება, აბსოლუტური კონტროლის მიღმაა და მასზე სასამართლო და საპროკურორო კონტროლი არ ვრცელდება. დღეს არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა, სასამართლოს მხრიდან დაწესებული ზედამხედველობის სტანდარტები ნარკოტიკის ჩადების რისკებს და მოწმეებზე, თუ სხვა პირებზე პოლიციის მხრიდან ზეგავლენის, ზეწოლის შემთხვევებს ვერ აზღვევს“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ასევე პრობლემაა ის, რომ როგორც წესი, მოწმეების დაკითხვის დროს, სასამართლო უპირატეს მნიშვნელობას პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებას ანიჭებს მაშინ, როცა დაცვის მხარე თავის პოზიციას საკმაოდ მყარი საფუძვლებით აყალიბებდა და პოლიციელთა ქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს ქმნიდა.

„საბოლოო ჯამში, ეს პრობლემები იქამდე მიდის, რომ ამ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები გამოდიოდა იმ სტანდარტით, რასაც ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.

როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა აღნიშნა, ნარკოტიკის შეძენა–შენახვის დანაშაულებზე, გახმაურებული საქმეების ნაწილში, რამდენიმე შემთხვევაში სასამართლომ ძალიან მაღალი დონის სტანდარტი დააწესა, პროკურატურის, თუ ზოგადად სამართალდამცავი უწყებების მიერ წარდგენილ პოზიციებსა და მტკიცებულებებს ძალიან კრიტიკულად მიუდგა და გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა, რაც ცხადია, მისასალმებელია, მაგრამ სასამართლოს მსგავსი სტანდარტები რიგით საქმეებში არ აქვს.

„ჩვენ გვაინტერესებდა, რა ტენდენციებია ნარკოტიკის შეძენა–შენახვის დანაშაულებზე რიგით საქმეებში და აღმოჩნდა, რომ რიგით საქმეებში სასამართლოს ისეთი სტანდარტები არ აქვს, როგორიც გახმაურებულ საქმეებში განავითარა. ძალიან სერიოზული პრობლემები იყო საქმეებში, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არ სარგებლობდა. ამ საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა დამყარებული იყო მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებებზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებულ ჩხრეკაზე და ამ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე მაშინ, როცა მეორე მხარე ამბობდა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.