გურამ გურამიშვილი - ბლოკმატარებლებით ტვირთის გადატანა შეამცირებს გამონაბოლქვს, საცობებს, მნიშვნელოვანი როლი ექნება ახალი ტვირთნაკადების მოზიდვის კუთხითაც
გურამ გურამიშვილი - ბლოკმატარებლებით ტვირთის გადატანა შეამცირებს გამონაბოლქვს, საცობებს, მნიშვნელოვანი როლი ექნება ახალი ტვირთნაკადების მოზიდვის კუთხითაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკმატარებლების მიმოსვლა მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიმართულებით.

მისივე თქმით, მათ შორის, გაიზრდება ფოთის პორტის ლოგისტიკური ეფექტურობა, გაიზრდება რკინიგზის წილი შიდა ტვირთბრუნვაში.

„ბლოკმატარებლების მიმოსვლა ქვეყნის შიდა სატრანსპორტო ბაზრისთვის მნიშვნელოვან ეფექტს ქმნის კიდევ რამდენიმე მიმართულებით: გაიზრდება ფოთის პორტის ლოგისტიკური ეფექტურობა, რაც გულისხმობს დამატებითი ოპერაციების გარეშე კონტეინერის მიწოდებას. შესაბამისად, შემცირდება სატვირთო გადაზიდვების დრო ფოთის პორტიდან თბილისის ლოგისტიკურ ცენტრებამდე და პირიქით. ეს, თავის მხრივ, ზრდის დროზე მიტანას და საექსპორტო/საიმპორტო ტვირთის ეფექტურ მოძრაობას ქვეყნის შიგნით. ასევე მნიშვნელოვანია სარკინიგზო გადაზიდვების წახალისება, უფრო სწრაფი და პროგნოზირებადი ბლოკმატარებელი კონკურენტუნარიანს ხდის რკინიგზას ავტოტრანსპორტთან შედარებით. შედეგად, იკლებს ტრანსპორტირების ღირებულება და იზრდება რკინიგზის წილი შიდა ტვირთბრუნვაში“, – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქვეყნის საავტომობილო გზები ნაკლებად დაიტვირთება, შესაბამისად, გაიზრდება ეკოლოგიური ეფექტი.

„ბლოკმატარებლებით გადატანილი ტვირთი ნიშნავს ნაკლებ სატვირთო მანქანას მაგისტრალზე, რაც, თავის მხრივ, ამცირებს გზების ცვეთას, CO₂-ის გამონაბოლქვს და ტრანსპორტის გამო გამოწვეულ საცობებს. ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება ბლოკმატარებლებს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალის გაზრდის კუთხითაც. შიდა კავშირების გაუმჯობესება კი ზრდის საქართველოს, როგორც შუა დერეფნის სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას – თბილისიდან შესაძლებელი ხდება ტვირთების განაწილება ქვეყნის შიგნით, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. საერთო ჯამში, ბლოკმატარებელი ზრდის სარკინიგზო სექტორის როლს შიდა ტვირთბრუნვაში, ამცირებს ღირებულებებს, ამარტივებს ლოგისტიკას და ქმნის დაბალემისიური, გამართული სატრანსპორტო მოდელის საფუძველს“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის მიერ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, ბლოკმატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ. მათივე ცნობით, მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. კონტეინერებით ბლოკმატარებელის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.