გურამ გიორბელიძე - ნაკრებში პირველი გამოძახება დიდი ემოციაა #1TVSPORT
გურამ გიორბელიძე - ნაკრებში პირველი გამოძახება დიდი ემოციაა #1TVSPORT

მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენიმე დებიუტანტი დაასახელა. ერთ-ერთი მათგანია ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

მან საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.

„ნაკრებში პირველმა გამოძახებამ ძალიან გამახარა – ეს დიდი ემოციაა, რადგან ეროვნულ გუნდში მოხვედრა ყველა მოთამაშისთვის დიდი სტიმულია. ამაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს და აცნობიერებს, რომ ეს დიდი შანსია კარიერაში წინსვლისთვის“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გურამ გიორბელიძემ.

იგი ავსტრიულ კლუბში გორის „დილადან“ 2020 წლის ივლისში გადავიდა, მაგრამ ხუთი თვე მკურნალობდა და „ვოლფსბერგერში“ სადებიუტო მატჩი ნოემბრის ბოლოს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ ჩაატარა.

„დიდი ხანი ვმკურნალობდი. საბედნიეროდ, ფორმის აღდგენა და ძველი კონდიციების აღდგენა მოვახერხე და კლუბშიც ხშირად მათამაშებენ. ნაკრებში გამოძახების იმედი ამის შემდეგ გამიჩნდა, მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი, რადგან ეროვნული გუნდში აქამდე არასოდეს გამოვუძახივართ. იმედია, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ და დიდ წარმატებებს ერთად მივაღწევთ“, – გვითხრა გიორბელიძემ.