გურამ გიორბელიძე „დილას“ დაემშვიდობა - ჩემი წარმატება თქვენ განაპირობეთ
გურამ გიორბელიძე „დილას“ დაემშვიდობა - ჩემი წარმატება თქვენ განაპირობეთ

გურამ გიორბელიძე, რომელიც გორის „დილადან“ ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გადავიდა, გუნდს დაემშვიდობა და სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

„მინდა გამოვხატო მადლიერება უპირველესად რიგში „დილას“ ყველა ფეხბურთელის მიმართ, რომლის გვერდითაც მომიწია თამაში და რომელთა გუნდურმა თამაშმაც ჩემი ეს წარმატება განაპირობა. მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა „დილას“ ხელმძღვანელობისა და პერისონალის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად გვერდით მედგა და ყველანაირად მიწყობდა ხელს განვითარებაში. ამრიგად ერთ დიდ ოჯახს, გორის „დილას“ მინდა გადავუხადო მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ, ჩვენ ერთად ვლახავდით ყველა სირთულეს და ერთად ვზეიმობდით ყველა წარმატებას. მომავალშიც ვრჩები იმ ადამიანად რომელსაც ამ გუნდის წარმატება და წინსვლა გაუხარდება,“ – წერს გიორბელიძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა გორელ გულშემატკივრებსაც მიმართა – „ცალკე მინდა გამოვყო გულშემატკივარი, რომლისგანაც კლუბში მოსვლის დღიდან უზარმაზარ პატივისცემას და უდიდეს სითბოს ვგრძნობ. თქვენ მაძლევდით მოტივაციას წარმატებისთვის საბრძოლველად და მინდა თითოეულ თქვენგანს ყოველი შეძახილისა და ემოციისთვის მადლობა გადაგიხადოთ“.