გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წინ აქცია გამართა
გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წინ აქცია გამართა

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა ახალგაზრდულ ცენტრ „ზნეობასა“ და ორგანიზაცია „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წინ აქცია გამართა.

როგორც ფალავანდიშვილმა განაცხადა, ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოში ეკლესიას შეურაცხყოფენ.

გურამ ფალავანდიშვილმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეუგზავნა, თუმცა, მისი თქმით, უარი მიიღო.

„მოვედით შენობათან, ვისურვეთ შეხვედრა. აქ დაცვა არ არის ხოლმე ამდენი, მაგრამ დაგხვდა ძალიან ბევრი პოლიციელი. აქ, შენობაში ევროსაბჭოს ოფისია, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფს ჩვენს ეკლესიას და პატრიარქს. ამ ოფისში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩავაბარეთ მოთხოვნა, მაგრამ არ გვიშვებენ“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მოგვიანებით, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ თანამოაზრებთან ერთად განათლების სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც კვირეულის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ჩატარება გააპროტესტა. მისი თქმით, კვირეული სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში ტარდება და მისი მიზანი ლგბტქი-თემის საკითხების პროპაგანდაა.

ფალავანდიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ლგბტ პროპაგანდას და ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ მთავრობა გადადგეს.