გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა მომხრეებმა „თანასწორობის კვირეულის“ წინააღმდეგ აქციები გამართეს
გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა მომხრეებმა „თანასწორობის კვირეულის“ წინააღმდეგ აქციები გამართეს

„ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისთან „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აპროტესტებენ, რომელიც მათი შეფასებით, ლგბტ თემის პროპაგანდას წარმოადგენს.

„ღია საზოგადოების ფონდთან“ არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების „კოალიცია თანასწორობისთვის“ ოფისში „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის კონსულტაციები ტარდებოდა და საპროტესტო აქციაც აღნიშნულს მიეძღვნა.

ფონდის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„აქ დისკრიმინაციის მსხვერპლები მოდიან. ამბობენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმალურია და მსხვერპლებს იცავენ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ეს არის სოდომური ცოდვა და დანაშაული“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

„თანასწორობის კვირეულის“ წინააღმდეგ აქციები დღეს შსს-სთან და „ევროპულ სკოლასთანაც“ გაიმართა.

„ლგბტ კვირეული ტარდება თანასწორობის სახელით. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ კვირეულს, რომელსაც ორგანიზებას მთავრობა და არასამთავრობოები უწევენ. გავაპროტესტეთ ყველგან, სადაც შევძელით”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

აქციის მონაწილეებთან მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გავიდა „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი.

„დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ტარდება კონსულტაცია. რატომღაც აქციის მონაწილეებმა აღიქვეს პედოფილთა დაცვად. გავედი და ავუხსენი, რომ არაფერს ცუდს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა.

„თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში „კოალიციაში თანასწორობისთვის“ ღონისძიება სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან გაიმართა.

„დისკრიმინაციის თემაზე ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფზე, შშმ პირებთან, ბავშვებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია. ვუხსნიდით მათ, თუ როგორ დაეცვათ თავი, როგორ მიმართონ სახალხო დამცველსა და სასამართლოს. რა მიზანს ემსახურება ეს აქცია, გაუგებარია“, – განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა, ნონა ქურდოვანიძემ.