გურამ ფალავანდიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა 5 ივლისამდე გადაიდო
გურამ ფალავანდიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა 5 ივლისამდე გადაიდო

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე 5 ივლისამდე გადაიდო. ფალავანდიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისმა ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობის მიზნით დააყენა შუამდგომლობა სხდომის 10 დღით გადადების შესახებ.

„გურამ ფალავანდიშვილი დაკავების შემდეგ ვერ ვიპოვეთ. ბევრი რამეა გასარკვევი და ვშუამდგომლობთ, რომ სხდომა გადაიდო“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სხდომის 10 დღით გადადების შუამდგომლობაზე დაცვის მხარეს არ დაეთანხმა. მოსამართლე ნათია ტოგონიძის გადაწყვეტილებით, ფალავანდიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ამასთან, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ვერის ბაღში მიმდინარე აქციას დღესვე შეუერთდება. მისივე თქმით, პოლიციისთვის არ შეუგინებია და სამართალდარღვევა ოქმში ჩაუწერეს.

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც დასაკავებელი ვყოფილვარ, მაგრამ ახლა მითხრეს, გადააყენე მანქანაო და გადავაყენე, უწყება გვაქვსო და დამაკავეს. დამიწერეს, რომ ვითომ პოლიციას შევაგინე. ოქმისთვის ხელი არ მომიწერია. მინდა, ხალხს მოვუწოდო, გამოვიდეს ქუჩაში და არ დაუშვას გარყვნილების პროპაგანდა. რა მიზანი ჰქონდა ჩემს განრიდებას არ ვიცი, ხალხი მაინც გამოვა და ჩამოვა რეგიონებიდან, რომ ლგბტ-პრაიდი ჩაიშალოს. ჩვენ ომს არ ვაპირებთ, უბრალოდ გვინდა, ჩაიშალოს ეს პროპაგანდა“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.