გურამ ფალავანდიშვილი კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმ „კომეტების“ ჩვენებას გააპროტესტებს
გურამ ფალავანდიშვილი კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმ „კომეტების“ ჩვენებას გააპროტესტებს

გურამ ფალავანდიშვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად, დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმ „კომეტების“ ჩვენებას გააპროტესტებს.

როგორც გურამ ფალავანდიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფილმი „კომეტები“ ქართული პროდუქციაა და ის ლგბტქ-თემის საკითხს ეძღვნება.

გურამ ფალავანდიშვილი განმარტავს, რომ ფილმი არ შეიცავს სექსუალური ხასიათის სცენებს, თუმცა მისი შინაარსი მიუღებელია.

მისივე თქმით, სურდათ ჩვენებაზე დასწრება და რეჟისორთან გასაუბრება, თუმცა ფესტივალზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

„ჩვენ 19:00 საათზე მივდივართ ამირანთან, გვქონდა სურვილი შენობაში შესვრულიყავით, რადგან ფილმის ჩვენების შემდეგ იმართება შეხვედრა რეჟისორთან. ფილმს არ შევხედავდით, მაგრამ პოპკორნს შევჭამდით, დავსხდებოდით, ყავას დავლევდით და შემდეგ შევიდოდით განხილვაზე. ამ ფილმის სიუჟეტში არ არის არანაირი სექსუალური კადრები, მაგრამ არის პროპაგანდა, რომ ჰომოსექსუალიზმი მისაღებია. ჩვენი აქციით, პროტესტს ვუგზავნით ივანიშვილს და მთავრობას, ვინც ეს ყველაფერი დაუშვა, ასევე კინოგამქირავებლებს და ამის მონაწილეებს“, – აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

ფილმის გაპროტესტებას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ გეგმავს.