გურამ ფალავანდიშვილი - ფილმის ჩვენება თუ მაინც გაიმართება, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს
გურამ ფალავანდიშვილი - ფილმის ჩვენება თუ მაინც გაიმართება, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს

ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა, ფილმის გათიშვა, კომბლების გარეშე, – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ სამი დღის განმავლობაში ფილმის ჩვენება მაინც გაიმართება, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს.

„ვაპირებ, არაძალადობრივად გავთიშო ფილმი და მოვაწყო პიკეტირება. თუ არ შეგვიშვეს, აწეული ხელებით მაინც შევალთ. მქონდა იდეა, დავმჯდარიყავი კინოთეატრში. თუ შსს-ს უნდა და იცავს ეკლესიის, ერის, ყველაფრის მიუხედავად ამ ფილმის გაშვებას, ხელებაწეულები შევეცდებით, ამას შევეწინააღმდეგოთ. ამ ფილმის გაშვება არის საშინელება. თუ ამ სამი დღის განმავლობაში მაინც გაიმართება ფილმის ჩვენება, პასუხი მთავრობას უნდა მოვთხოვოთ.

ლოკაციებია: ბათუმი 20:00 საათზე, „ამირანთან“ 17:00 საათზე. მე წავალ „გალერია თბილისში“, თავისუფლების მოედანზე, „ისთ ფოინთში“ და „თბილისი მოლში“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფილმის პრემიერა მაინც გაიმართება, პროტესტი რუსთაველზე  გადაინაცვლებს.

ამასთან, „ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროტესტის ფორმა იქნება იმგვარი, რასაც ვითარება მოითხოვს.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უზნეობა არ გაუშვან. კინოფილმის ჩვენება არ უნდა შედგეს. უნდა ნახოს მთელმა საზოგადოებამ, რომ 100-200 ნაძირალა არაა საქართველო“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ და აქვე დასძინა, რომ ძალადობას გამორიცხავს.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

განცხადება გაავრცელა კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და შეშფოთება გამოთქვა ფილმის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო.