გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ლგბტ თემის საწინააღმდეგო საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ლგბტ თემის საწინააღმდეგო საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ მილიონ-ნახევარი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ, რათა ლგბტ თემის საწინააღმდეგო საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს გადასცენ. როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტთან აქციებს განაახლებენ.

„არ დავიშლებით, ვიდრე კანონებს არ მიიღებენ – კანონმდებლობით გვინდა აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება, სკოლებში სწავლება ამის შესახებ, თოქშოუებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, ასევე ჰომოსექსუალებს აეკრძალოთ პედაგოგობა, სამსახური ჯარში და ასევე, მთავრობაში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ გვინდა რომ ეს თეზისები გადავცეთ მთავრობას და ვუთხრათ, რომ დედლაინი არის 15 ოქტომბერი და თუ 15 ოქტომბრამდე ჩვენ არ მოგვცემთ პასუხს, ჩვენ ვდგებით რუსთაველზე და ჭიათურის სტილში ვიწყებთ გაფიცვას, ანუ ყველა ქუჩაში ყველა გარეთ და ვითხოვთ ამაზე გადაწყვეტილებას.

15 ოქტომბერს ვამბობ სიმბოლურ თარიღად, რადგან ხელმოწერების შეგროვებას ორი-სამი თვე და ზაფხული დასჭირდება. შემდეგ, 15 სექტემბერს რომ ჩამოვალთ, ჩავაბარებთ ფურცლები მთავრობას, ერთ თვეს მივცემთ. ხელმოწერების დროს ყველგან ეწერება დრო – დედლაინი, თუ როდისთვის გვინდა პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვთქვათ, 30-ში ვიქნებით რუსთაველზე“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარება იგეგმება.

„ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან გუშინ გაიმართა და დღეს, დილამდე გაგრძელდა.