გურამ ბაქრაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „სასტუმრო მირაჟი" გადაღებები დასრულდა
გურამ ბაქრაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „სასტუმრო მირაჟი" გადაღებები დასრულდა

გურამ ბაქრაძის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებები რამდენიმე დღის წინ დასრულდა. „სასტუმრო მირაჟი”,- ასე ჰქვია ახალგაზრდა რეჟისორის ახალ პროექტს, რომლის სცენარის ავტორიც თავად არის.

რეჟისორის თქმით, ეცადა, სათქმელი მაყურებლამდე ბუნდოვანი და სიურრეალისტური ამბის სახით მიეტანა. ასეთი ეფექტის მისაღწევად კი, ე.წ. ფილმ ნუარი ანუ მისტიკის ელემენტები გამოიყენა.

„სასტუმრო მირაჟი” არის ამბავი ახალგაზრდა კაცზე, რომელიც თავისი დაბინდული გონების ტყვეობაშია. დანიელის პირადი ცხოვრება დანგრევის პირას არის. მისი ფსიქიკა ვეღარ უმკლავდება ძლიერ ემოციურ ფონს და მუდმივ სტრესს. ვნებით და ეჭვიანობით დატანჯული, ალკოჰოლს და დამამშვიდებელ პრეპარატებს ეძალება, რის შედეგადაც ნელ-ნელა კარგავს კავშირს რეალობასთან. სწორედ ამ მომენტში ვხვდებით მას ძველ სასტუმროში, სახელად „მირაჟი”, სადაც გაურკვეველი მიზნით იმყოფება. სასტუმროს მენეჯერი ვერ პოულობს დანიელის მიერ ორიოდე დღის წინ გაკეთებულ ჯავშანს და სასტუმროს სხვა ბინადართან ერთად ასახლებს. მენეჯერთან მეტად უცნაური საუბრის შემდეგ დანიელი ადის ნომერში, თუმცა კარებთან მისული აღმოაჩენს, რომ იქ მყოფი ბინადარი მარტო არ არის. მოვლენები სულ უფრო და უფრო უცნაურ ელფერს იძენს. მალე მისი პირადი ცხოვრების იდუმალ მხარესაც ნათელი ეფინება. ერთი შეხედვით უწყინარი დანიელი ამოკით შეპყრობილს ემსგავსება და არავის ინდობს.

ფილმი მონტაჟისა და პოსტპროდუქციის ეტაპზეა. საფესტივალო ცხოვრებას კი, უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„სასტუმრო მირაჟი” საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მიერ დაფინანსდა. ფილმი 2017 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულია.