გურამ ბაღდოშვილი - ტურიზმი და სარესტორნე ბიზნესი რომ მყარად იდგეს, სოფლის მეურნეობის განვითარება არის აუცილებელი
გურამ ბაღდოშვილი - ტურიზმი და სარესტორნე ბიზნესი რომ მყარად იდგეს, სოფლის მეურნეობის განვითარება არის აუცილებელი

ტურიზმი და სარესტორნე ბიზნესი რომ მყარად იდგეს, აუცილებელია სოფლის მეურნეობა განვითარდეს, – ამის შესახებ გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ და რესტორატორმა, გურამ ბაღდოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის საფრთხის პრევენციის მიზნით დახურულ კაფე-ბარებზე, რესტორებსა და ზოგადად, ე.წ. ჰორეკას სექტორის პრობლემებზე ისაუბრეს.

ბაღდოშვილმა ჰორეკას სექტორში იმპორტის ადგილობრივი პროდუქტით ჩანაცვლების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და მზადყოფნა გამოთქვა, რომ კორონავირუსის საფრთხის გადავლის შემდეგ, სახელმწიფოსთან ამ მიმართულებით ითანამშრომლოს.

„თუ დადგება საკითხი, რომ სახელმწიფო ჩვენგან, რესტორატორებისაგან დახმარებას მოითხოვს, მე ჩემი სახელით ვიტყვი და ვფიქრობ, ბევრი კოლეგა დამეთანხმება, დავსხდებით და დავდოთ სქემა, როგორ დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. სამწუხაროდ, ჰორეკა საქართველოში ფუნდამენტის გარეშე აიგო და იმპორტზე ვიყავით დამოკიდებული. აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გააკეთოს ფოკუსი რეგიონებში სათბურების გახსნაზე, რომ შიდა პროდუქტი ვაწარმოოთ როგორც მოსახლეობის მოსამარაგებლად, ასევე ტურიზმისთვის. დანარჩენი რაც შეეხება ეგზოტიკურ ხილსა და პროდუქტს, ყოველთვის იქნება საშუალება, რომ იმპორტით შემოვიტანოთ. მაგრამ თუ სახელმწიფო და ტურიზმი მყარ ფუნდამენტზე არ იდგება, ეს არის ზუსტად პრობლემა. სამწუხაროდ, ბევრი რამ აშენდა და გაკეთდა ისე, რომ სახელმწიფოს პრაქტიკულად დრო არ ჰქონდა ყველაფერი ანიდან ჰოემედე გაევლო. ახლა ვეცდებით, სწრაფად მოვიგონოთ ახალი ველოსიპედები. ვფიქრობ და ალბათ გლეხიც დამეთანხმება, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობა განვითარდეს იმისათვის, რომ ხვალ სარესტორნე ბიზნესი მყარად იდგეს ფეხზე“, – განუცხადა გურამ ბაღდოშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.