გუნდი „საქართველო“ მსოფლიოს თასზე მეოთხე ადგილზე გავიდა, ზვიად პატარიძე ჩემპიონი გახდა
გუნდი „საქართველო“ მსოფლიოს თასზე მეოთხე ადგილზე გავიდა, ზვიად პატარიძე ჩემპიონი გახდა

ირანში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო გუნდური თასის გათამაშება დასრულდა. ფინალში ორმა ირანულმა გუნდმა გააღწია – “ბიმეჰ რაზი” “სინა სანათს” შეხვდა და 8:2 დაამარცხა.

ბიმეჰ რაზის” შემადგენლობაში ჩემპიონი გახდა ქართველი მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე. მან მსოფლიოს თასზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა – შარშან, სწორედ „სინა სანათის“ შემადგენლობაში შეძლო ჩემპიონობა.

მსოფლიოს თასზე პატარიძე თავის გუნდს მხოლოდ ორ შეხვედრაში დაეხმარა და ორივე მოიგო – ჯგუფურ ეტაპზე “მოსკოვის” ქართველი მოჭიდავე ზურაბ გედეხაური დაამარცხა (3:1), ნახევარფინალში კი თურქეთის “ბუიუქშეჰირის” წევრს ფატიჰ ბასკოის სძლია – 5:0.

მსოფლიოს თასზე გამოდიოდა ქართული გუნდი “საქართველო”, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია და საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავიდა – ნახევარფინალი “სინა სანათთან” 3:7 დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი კი – 4:6 “ბუიუქშეჰირთან“.

„საქართველო” ასეთი შემადგენლობით გამოდიოდა: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ბექა ბალანჩივაძე (60 კგ), დათო ჩხარტიშვილი (63 კგ), თორნიკე ჯანგავაძე (67 კგ), მურად მიქელაძე (67 კგ), საჩინო დავითაია (72 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), ბაკურ გოგოლი (77 კგ), ვარლამ კვარაცხელია (82 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), კოკა კირცხალია (97 კგ) და ლევან არაბული (130 კგ).