„გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
„გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, „გუმათჰესი ორის“ ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, შესაბამისად მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

პერიმეტრს იცავენ სამართალდამცველები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან 17:13 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, „გუმათჰესი ორის“ ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება.

შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და რვა ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა იქნა მობილიზებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები წყალტუბოდან, ქუთაისიდან და ზესტაფონიდან.

პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, „გუმათჰესი ორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.