გულშემატკივრებმა „ტორპედოს“ გაფიცული ფეხბურთელები თამაშზე დაითანხმეს
გულშემატკივრებმა „ტორპედოს“ გაფიცული ფეხბურთელები თამაშზე დაითანხმეს
23 ოქტომბერს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. წინასწარ ცნობილი იყო, რომ ქუთაისელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დავალიანების გასტუმრებამდე ვარჯიშსა და თამაშზე უარს ამბობდნენ, „საბურთალოსთან“ კი ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებით გამოვიდოდნენ.
 
გუნდის ფან-კლუბის, „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს გავრცელებული პოსტის მიხედვით, მათი ჩარევის შემდეგ ვითარება შეიცვალა და ფეხბურთელები თამაშზე დაითანხმეს.
„ტორპედოს“ ფან-კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, – „ქუთაისის „ტორპედოს“ თბილისში „საბურთალოსთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ხვალ თასის ნახევარფინალია!
ფეხბურთელების მოთხოვნის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. მათ არ ითამაშეს ჩემპიონატის მატჩში და მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ მანამ, სანამ დავალიანება არ იქნება გასტუმრებული. სრულად ვიზიარებთ მათ პოზიციას და გვესმის, რომ რთულია ფეხბურთზე იფიქრო, როცა მოედანს იქით მილიონი პრობლემაა… ამიტომ ამ საკითხში ტორპედოელებს გვერდით დავუდექით! თუმცა, ხვალ სეზონის მატჩია.
ხვალინდელმა დღემ, შესაძლოა, კლუბის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ ფანები შევხვდით ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ კლუბს ჩვენს მეტი პატრონი არ ჰყავს და „ტორპედო“ ისევ ჩვენი, ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გადასარჩენია.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კლუბში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ფეხბურთელებმა ფანების თხოვნა მაინც გაითვალისწინეს და ხვალ, სეზონის მნიშვნელოვან მატჩში სათამაშოდ მოედანზე მთავარი გუნდი გავა.
რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, როგორც არ უნდა დასრულდეს შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთელებს ჩვენგან მადლობა ეკუთვნით. მთელი სეზონია ბიჭები ამდენი პრობლემის ფონზე გულშემატკივრის თხოვნებს ითვალისწინებენ და ჩვენთვის მაქსიმუმს აკეთებენ.
ზუსტად ვიცით, ადრე თუ გვიან თითოეულ მათგანს დაუფასდება ეს ყველაფერი. მანამდე კი ხვალ სეზონის მატჩია და ყველა უნდა წავიდეთ თბილისში. ბიჭებს ისე უნდა დავუდგეთ გვერდით, როგორც ისინი უდგანან კლუბს!“.
ფანების ცნობით, შეხვედრას „ტორპედო“ დიდი დანაკლისით შეხვდება გუნდს ვერ დაეხმარება როინ კვასხვაძე, რომელმაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
დატოვე კომენტარი