გულიკო გამცემლიძე - რუსთაველის გამზირზე ჩვენ, შვილმკვდარი მშობლები უნდა ვიდგეთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა მიუღებელია 
გულიკო გამცემლიძე - რუსთაველის გამზირზე ჩვენ, შვილმკვდარი მშობლები უნდა ვიდგეთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა მიუღებელია 

რუსთაველის გამზირზე პირველი ვინც უნდა იდგეს, ჩვენ შვილმკვდარი მშობლები ვართ, მაგრამ ვინაიდან ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ზაზა სარალიძეს გვერდით დავუდგეთ, რომლის ტკივილი ჩვენსავით არავინ არ იცის, – ამის შესახებ 2008 წელს პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის დედამ, გულიკო გამცემლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გულიკო გამცემლიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა მისთვის მიუღებელია.

„შეუძლებელია იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ თითს გვიქნევს და ჭკუას გვასწავლის, თურმე კაცის კვლა არ შეიძლება და ხელები უამრავ მკვლელობაში აქვს გასვრილი, პირდაპირ მაგათი პოლიტიკური პლატფომა იყო, რომ ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეშინებინათ, დაეჭირათ და მოეკლათ. ზაზა სალარიძის გვერდით ვერ დავდგებით, თუმცა თანავუგრძნობთ. მის გვერდით დგომას ნამდვილად ვერ შევძლებთ და ზაზა სარალიძემაც გვაპატიოს. თუკი კუპრავას მსგავსი დირიჟორები, რომლებიც საპროტესტო აქციას დირიჟორობენ იქ არ იქნებიან, ჩვენ ყველა გავალთ და ზაზა სარალიძის გვერდით დავდგებით”, – განაცხდა გულიკო სარალიძემ.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძის ტრაგედია პოლიტიკამდე მიდის, რაც მიუღებელია.

„მერწმუნეთ, ჩვენთან ერთად დგომას უფრო მეტი ძალა ექნება, ვიდრე კუპრავას დირიჟორობით გამართულ ამ საპროტესტო აქციას. რომელიც ქვეყნის გადატრიალებისკენ და უფრო პოლიტიკისკენ არის გადახრილი. ასეთი ტრაგედია პოლიტიკამდე მიდის, მაგრამ რაღაც დოზით თავი უნდა შევიკავოთ და ჩვენი სიმართლე ვთქვათ. ჩემი, როგორც შვილმოკლული გიორგი გამცემლიძის დედის პოზიციაა, რომ ჩვენ პირდაპირ ვალდებულები ვართ, ზაზა სარალიძის გვერდით ვიდგეთ. ერთი წუთით უკან არ დავიხევთ ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ უნდა იყოს. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ ქვეყანაში სიმართლემ ყოველთვის გაიმარჯვოს, სადაც სასამართლო არ იქნება ადეკვატური, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებშია მანამდე ჩვენთან სიმშვიდე ვერ დაისადგურებს”, – განაცხადა გულიკო გამცემლიძემ.