გიული ალასანია - სააკაშვილის მნახველების შეზღუდვა გამართლებულად არ მიმაჩნია, იქ გასართობად არ შედიან, ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია
გიული ალასანია - სააკაშვილის მნახველების შეზღუდვა გამართლებულად არ მიმაჩნია, იქ გასართობად არ შედიან, ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია

კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის მონახულებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ექიმების მხრიდან ყურადღება აქვს, თუმცა არ არის ექიმი და ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შეაფასებს.

„ბოლოს რომ ვნახე, იყო სუსტად, უჭირდა სიარული და წოლა ერჩია. რაც შეეხება კმაყოფილებას, რით უნდა ვიყო კმაყოფილი? კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ მდგომარეობას, რაც ჩვენს თავს ხდება, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ყურადღება ნამდვილად აქვს, თუმცა მე არ ვარ ექიმი და შემფასებლად ვერ გამოვდგები. ზოგადად, ვერ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის.

მნახველების შეზღუდვა არ მიმაჩნია გამართლებულად, რადგან მნახველები იქ გასართობად არ შედიან. ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია. ესენი მისი კოლეგები არიან. ვფიქრობ, არ უნდა შეცვლილიყო ეს მდგომარეობა. წინა შემთხვევაში უშვებდნენ პარლამენტარებს, მის კოლეგებს, მეგობრებს, ახლა რატომ შეწყდა, ჩემითვის გაუგებარია და მიმაჩნია, რომ ეს არის გაუმართლებელი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი სულ მცირე ორშაბათამდე მკურნალობაზე უარს არ იტყვის.

„ძალიან გამახარეთ, მე არ ვიცოდი ეს ინფორმაცია და კარგია, რომ გადაიფიქრა“, – განაცხადა ალასანიამ.