გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი განაახლეს [ფოტო]
გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი განაახლეს [ფოტო]

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, ოკუპირებულ დისევთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გუგუტიანთკარიდან იუწყება, რუს სამხედროებს ადგილზე მიყვანილი ჰყავთ სპეციალური ტექნიკა. ამასთან, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსი ოკუპანტების ვერტმფრენმაც გადაიფრინა.

უკანონო ბორდერიზაციას ადგილობრივი მოსახლეობაც აკვირდება. მათი თქმით, სოფლის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა, თუმცა თუ ე.წ. საზღვრის გავლება იმ რუკებით გაგრძელდა, რომელსაც რუსი ოკუპანტები იყენებენ, მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ სოფლის სასაფლაოს ნაწილიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცეს.

„დილიდან უკანონოდ ღობავენ ჩვენს ტერიტორიას. გაგვიმართლა, რომ სარწყავი არხი, რომლითაც სოფელი სარგებლობს, ჩვენს კონტროლირებად მახარეს რჩება. იყო საშიშროება, გადაეკეტათ და მისასვლელი არ ყოფილიყო სათავესთან, მაგრამ ხელისუფლების ჩარევით მოგვარდა. სათავო ნაგებობას ღობით შემოუარეს და საფრთხე აღარ არის, მაგრამ თუ ამ ტრაექტორიით გააგრძელეს ღობის მონტაჟი, არის საშიშროება კიდევ ერთი სახლი, ოქროპირიძეების სახლი მოექცეს მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა, გვპირდებიან, რომ ეს სახლიც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩება. ასევე სასაფლაოს საკითხი იქნება ძალიან რთული. რუკით, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ, სასაფლაოს ორად ყოფენ. ასეთ შემთხვევაში, სასაფლაოს ეკლესიაც ოკუპანტების მხარეს დარჩება“, – აცხადებს გუგუტიანთკარში მცხოვრები გოჩა მარღიშვილი.

ამასთან, გუგუტიანკარში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.