გუგა ქაშიბაძე – მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, შოკურ მდგომარეობაშია

17:40, 19.03.2018

მამაკაცი, რომელსაც ტყიბულში მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვარი აქვს მთლიანად სახე, კისერი, გულმკერდის წინა ზედაპირი და ორივე კიდური, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში 20%-იანი თერმული დამწვრობით შემოვიდა. აქვს დამწვრობითი შოკი, დამწვარი აქვს მთლიანად სახე, კისერი, გულმკერდის წინა ზედაპირი და ორივე კიდური, მესამე ა მესამე ბ ხარისხის დამწვრობაა. ამ წუთას მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საშიშია მისი სიცოცხლისთვის. ტრავმა აქვს მიღებული ბენზინის აალების შედეგად, ამიტომ საკმაოდ ღრმა დაზიანებები აქვს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 52 წლის მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

შემთხვევა გუშინ დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი