გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ ლოტკინის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული პირი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებულ პირს სხეულის თერმული დამწვრობა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით. მას აღენიშნებოდა სხეულის თერმული დამწვრობა 48 პროცენტით. დაზიანებული ჰქონდა თავი, გულმკერდი, ზურგი, ზემო კიდურები. სავარაუდოდ, ტრავმა ჰქონდა მიყენებული გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში. ამ წუთისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაზიანება საკმაოდ სერიოზულია“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის და ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.