გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლოს დასრულდება
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მის განხორციელებაში ჩართულ ყველა პირს.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თბილისის ძველი უბნების გაცოცხლება, მისი განახლება, რეაბილიტაცია. თქვენ იცით რა მდგომარეობაა თბილისის ისტორიულ ნაწილში, არის ბევრი ძეგლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს დროულად შველას. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

ერთი პროექტი – ორბელიანის მოედანი, უკვე დავასრულეთ. ვისურვებდი, ბევრი ასეთი სივრცე გაჩნდეს თბილისში, რადგან ეს ნიშნავს თბილისელებისთვის და ტურისტებისთვის მიზიდულობის ახალ კერას, მეტ დასაქმებულ ადამიანს და რაც მთავარია, თბილისის იერსახის მოწესრიგებას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ „მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები. ამ ეტაპზე გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს: შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამაგრების სამუშაოები სარდაფის და საძირკვლების დონეზე სამუშაოების დროს აღმოჩენილია საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.