გუდიაშვილის მოედანზე საინფორმაციო ტური ჩატარდა [ფოტო]
გუდიაშვილის მოედანზე საინფორმაციო ტური ჩატარდა [ფოტო]

თბილისში, გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს საინფორმაციო ტური ჩატარდა.

ტურის ფარგლებში მონაწილეები გუდიაშვილის მოედანზე განხორციელებულ და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს გაეცნენ.

საინფორმაციო ტური, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ორაგნიზაცია „ტფილისის ჰამქარმა“ ჩაატარეს, გუდიაშვილის სკვერში დაიწყო და ბეთლემის ქუჩაზე დასრულდა.

როგორც „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენელმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა განაცხადა, გუდიაშვილის მოედნის თემა იქცა დადებით მაგალითად რესტავრაციისა და მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. მისი თქმით, პროცესები და სამუშაოები ტერიტორიაზე გამჭვირვალედ და ღიად მიმდინარეობს.

„ეს იყო შუალედური ანგარიში ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია, ელოდებიან რა ეტაპზე ვართ. ეს ეტაპი ცალსახად არის სწორი მიმართულება, რასაც ჰქვია რესტავრაცია და ისტორიული ქალაქის მოვლა-პატრონობა. აქ რესტავრაციის გარდა არაფერი კეთდება. მეთოდოლოგია დაცულია. მთავარია, შევთანხმდით, რომ გუდიაშვილი უნდა იყოს საცხოვრებელი, კულტურული ზონა, სამუზეუმო სივრცე“, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

პროექტის თანახმად, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 30-ზე მეტი ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდება.

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ნაგებობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მე-18 და მე-19 საუკუნით დათარიღებული შენობების მთავარი პრობლემა დიდი ბზარები, ავარიულობა და ფასადის დაკარგული მნიშვნელოვანი ფრაგმენტები იყო. რეაბილიტაცია-რეკოსტრუქცია სპეციალისტების ზედამხედველობით ქვეშ მიმდინარეობს. ასევე მიწიქვეშა სამუშაოების დროს სპეციალისტებმა ღვინის ქვევრები, ორი თონე და თიხის ჭურჭლები აღმოაჩინეს.