გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება
გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რასაც კიდევ 12 დაემატება, დაფინანსებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან არის თანხმობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.

როგორც მან სხდომის შემდეგ აღნიშნა, ძველი თბილისის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„პრემიერ-მინისტრმა დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია, ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ძველი თბილისის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება. ჩვენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და არის თანხმობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 26 შენობიდან, რომელზეც ვსაუბრობ, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უშუალოდაა ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. სამუშაოებს „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული სამუშაოების განხორციელებაში არიან ჩართული – ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. სამუშაოების დროს საინტერესო ნივთებიც იქნა აღმოჩენილი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მოედნის რეაბილიტაცია სავარაუდოდ, 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

„სავარაუდოდ, სამუშაოები 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება და გუდიაშვილის მოედნის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.