გუდაუთაში, საკუთარ სახლთან 40 წლის მამაკაცი მოკლეს
გუდაუთაში, საკუთარ სახლთან 40 წლის მამაკაცი მოკლეს

გუდაუთაში, თარნავას ქუჩაზე, საკუთარ სახლთან 40 წლის დიმიტრი ოზგანი მოკლეს. შემთხვევა 8 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

როგორც გუდაუთის ე.წ. პროკურორი ინარ ამიჩბა აცხადებს, მოკლულს 13 ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლა სამი სხვადასხვა სახის იარაღიდან განხორციელდა: ავტომატი, ასევე „ტე-ტესა“ და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტები.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დე ფაქტო სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ჰილზები, დანიშნულია სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზა. ე.წ. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

დიმიტრი ოზგანი ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი იყო.