საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გუდაურში აღნიშნა.
კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ მოადგილეებთან, ირაკლი ურუშაძესთან და მაია გიქოშვილთან ერთად, ტურისტებს წყლის დაცვის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. პარალელურად, კომპანიის თანამშრომლებმა დამსვენებლებს წყლის დაზოგვის აუცილებლობაზე და გუდაურში კომპანიის მიერ დაგეგმილ პროექტების შესახებ მომზადებული ბუკლეტები დაურიგეს. ანიმატორები კი, სტუმრებს ცხელი გლინტვეინით უმასპინძლდებოდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეი აფორმებდა.
,,დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რესურსების დაცვა და წყლის დაზოგვა. ჩვენი კომპანია, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი ქვეყანაში, უერთდება ამ საერთაშორისო დღეს და გადავწყვიტეთ, ეს დღე ტურისტებთან და დამსვენებლებთან ერთად გუდაურში აღგვენიშნა. კომპანიამ აქ უკვე დაასრულა წყალმომარაგების პირველი ეტაპი. ახლა კი, იწყება წყალარინების საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, რის შედეგად გუდაურში იქნება მთლიანი ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, თუ რამდენად აუცილებელია წყლის რაციონალურად მოხმარება თითოეული ჩვენგანისთვის და ამ რესურსების სწორად გამოყენება,’’- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.