გუდაურში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით სამთო მომზადების კურსი დაიწყო
გუდაურში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით სამთო მომზადების კურსი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სამთო მომზადების საბაზისო კურსს მასპინძლობს.

ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადება დღეს გუდაურში დაიწყო და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სამხედროებთან ერთად ლატვიიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი სამხედროები თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს დაეუფლებიან. სამთო მომზადების ფარგლებში სამხედროებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენება მოუწევთ.

კურსი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტესტირებები სხვადასხვა სახეობაში ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.

საბაზისო სამთო კურსი 2 თებერვალს დასრულდება.