გუდაური-კობისა და კალა-უშგულის საგზაო მონაკვეთებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გუდაური-კობისა და კალა-უშგულის საგზაო მონაკვეთებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თოვლის გამო აკრძალულია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამასთან, უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მუსბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზეც. აღნიშნული გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.