გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ძლიერი ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.