გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება

გუდაური-კობის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს საათებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აღდგება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელმა პირველ არხს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აკრძალულია.

„მას შემდეგ, რაც იქნება გაწმენდილი აღნიშნული მონაკვეთი, უკვე საპატრულო პოლიციის დარეგულირებით მოხდება სატრანსპორტო საშუალებების გატარება. კონკრეტულად, საუბარია კობი-გუდაურის მონაკვეთზე 93-106 კილომეტრი“,- განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუდაურამდე ამ ეტაპზე გზის მონაკვეთი გახსნილია, თუმცა გუდაურიდან-კობამდე მოძრაობა ჩაკეტილია.

„ჯვარიც გადაკეტილი გვაქვს და ჯერ არ გაიხსნება, რადგან შემდგომ დღეებში ველოდებით ნალექის გაძლიერებას და ზვავების ფორმირების გააქტიურებას“,- განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილიმა.