გუბაზ სანიკიძე - არც კი უკადრებიათ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ჩემთვის შეკითხვები დაესვათ
გუბაზ სანიკიძე - არც კი უკადრებიათ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ჩემთვის შეკითხვები დაესვათ

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე 20-21 ივნისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს.

დაკითხვა დღეს ჩატარდა და როგორც გუბაზ სანიკიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ერთ საათს გრძელდებოდა.

„შეკითხვები იყო იმის შესახებ, თუ რა დავინახე, სად ვიყავი. მეკითხებოდნენ ასევე, რომელი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ ადგილზე. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ გამომძიებლები. პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. გავიხსენე, რომ ჯაჯგურის დაწყებისას მოედანზე არ ვიყავი, ედპ-ს შტაბში ვიმყოფებოდი და მოგვიანებით მივედი ადგილზე.

ასევე, გამომძიებლებმა კითხვები დამისვეს ნიკა მელიაზე, მოვისმინე თუ არა თითქოსდა, მან თქვა შენობაში შეჭრასთან დაკავშირებით. მე არ მომისმენია, ისიც კი არ ვიცოდი, რომ თურმე მოლაპარაკებები უნდა ყოფილიყო, ეს ტელევიზიით გავიგე. მელიას არც გამოსვლა მინახავს, არც საუბარი. მერე, როცა მივედი, მელია საერთოდ არ მინახავს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, დაკითხვისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას თუ ეძებენ, უნდა მოიკითხონ ხელისუფლებაში.

„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე არც კი უკადრებიათ, ჩემთვის შეკითხვები დაესვათ. რაც არ ყოფილა, რა უნდა შემეკითხონ. თუმცა მე ვუთხარი მათ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას თუ ეძებენ, ეს უნდა მოკითხონ ხელისუფლებას, რადგან მარტივი საკითხია, გახარია რატომ არ უშვებდა ქართველ მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში, როგორც თვითონ იძახის და რატომ შეუშვეს გავრილოვი. მშვიდად და წყნარად ჩაიარა გამოკითხვამ და წამოვედი.

ჩემთან საუბარში და შეკითხვებში ნამდვილად ვერ დავინახე გამომძიებლების ტენდენციურობა, მცდელობაც კი არ ქონიათ, კორექტულად იქცეოდნენ და ალბათ ფიქრობდნენ კიდევაც, რომ ასე ადვილად გასატეხი კაცი არა ვარ. საუბარში ვუხსენე, რომ გაუფრთხილებლად დაიწყო მიტინგის დარბევა, რაც იყო კატასტროფა ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც სიტყვიერი მოწოდება იყო დაშლისა და არც არაფერი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე. ამასთან, შსს-მ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ღლონტი დაიბარა დაკითხვაზე.

ხატია დეკანოიძის დაკითხვაც დღეისთვის არის დაგეგმილი.