The Guardian - ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიის უკან რუსი ინტერნეტ-ტროლები დგანან
The Guardian - ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიის უკან რუსი ინტერნეტ-ტროლები დგანან

რუსეთის ინტერნეტ-ტროლებს ახალი ამოცანა აქვთ. ისინი ინტერნეტსივრცეში ვაქცინაციის წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით დასავლური საზოგადოების იდეოლოგიურად გახლეჩვას ცდილობენ, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

The Guardian-ის სტატიაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის რამდენიმე პროფესორის მიერ ჩატარებული კვლევაა გამოყენებული. კვლევის ფარგლებში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში, კერძოდ Twitter-სა და Facebook-ში ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ გამართული დებატები შეისწავლა.

რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ, გამოიკვეთა, რომ ერთნაირი შინაარსის ინფორმაციის შემცველ პოსტებს სოციალურ ქსელებში ის მომხმარებლები ავრცელებდნენ, რომელთა ნაწილი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ნაციონალისტური და ანტიმიგრაციული განწყობის გაღვივებას ცდილობდა.

„ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ დებატები ინტერნეტში წინა წლებთან შედარებით 22-ჯერ გაიზარდა. ინტერნეტ-ტროლები ცდილობენ, ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებაში ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა დანერგონ. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვაქცინაცია ბავშვებში სხვადასხვა სახიფათო დაავადებას იწვევს“, – წერია სტატიაში.

The Guardian-თან ინტერვიუში ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის მკვლევარი დევიდ ბრონატოვსკი ამბობს, რომ ამ დებატებმა არაერთ მოქალაქეზე მოახდინა გავლენა, რის შედეგადაც გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა, რომ აცრა მათი შვილების ჯანმრთელობას ვნებს.

„პროვოკაციამ თავისი შედეგი გამოიღო. ევროპაში წითელა წელს ფართოდ არის გავრცელებული“, – განაცხადა დევიდ ბრონატოვსკიმ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, წელს წითელას ინფექციური ვირუსული დაავადება ევროპაში მძვინვარებს. ყველაზე მეტი შემთხვევა კი სერბეთში, უკრაინასა და საქართველოში დაფიქსირდა – ქვეყნებში, სადაც რუსული პროპაგანდა მძლავრად მუშაობს.