„გრუზია" თუ „საქართველია" -ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს
„გრუზია" თუ „საქართველია" -ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია მიმდინარე კვირას გადაწყვეტს, შეუცვლის თუ არა ლიტვურ ენაზე საქართველოს სახელწოდებას. ამის შესახებ სააგენტო „დელფი“ წერს. კომისიის სხდომა აღნიშნულ საკითხზე ხვალ, 5 აპრილს არის ჩანიშნული.

კომისია იმსჯელებს, მიიღონ თუ არა საქართველოს შეცვლილი სახელწოდება, რომელიც ლიტვურად ჟღერს როგორც „საქართველია”.

„კომისიის 17 წევრის მოსაზრება გაიყო. არ დავმალავ, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ საჭიროა, განვახორციელოთ საქართველოსადმი ეს მეგობრული ნაბიჯი, რადგან ის არანაირად დააზარალებს ლიტვურ ენას“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა.

გარდა ამისა, ვილნიუსის მერია გამოდის ინიციატივით, ლიტვის დედაქალაქის ერთ- ერთ ქუჩას დაერქვას სახელწოდება Gruzinu ან Kartvelu („ქართული“).  საკითხი მას შემდეგ გადაწყდება , რაც კომისია საქართველოს სახელმწიფოს ლიტვურ სახელწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ვილნიუსში უკვე არის თბილისის სკვერი.

მანამდე კომისიაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს ლიტვური სახელწოდების შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რადგან ამჟამინდელ ვერსიას მოხმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს და სიტყვა “გრუზია” ლიტვური ენის გრამატიკულ სისტემასთან შეთანხმებულია, ხოლო სახელწოდებას „საქართველო“ ოფიციალურად ევროკავშირის არც ერთი სახელმწიფო არ იყენებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვას თხოვნით მიმართა, შეცვალოს სახელმწიფოს სახელწოდება „გრუზია“ „გეორგიათი“ ან „საქართველოთი“.