გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წელს ორი სახის ვაქცინით ჩატარდება
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წელს ორი სახის ვაქცინით ჩატარდება

საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს ვაქცინის იმპორტიორი კომპანიის, „ჯიპისის“ აფთიაქებში არსებული „ექსპრეს-კლინიკების“ ქსელის ხელმძღვანელმა, ირმა ჟღენტმა განუცხადა.

ირმა ჟღენტის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე შემოსულია ორი სახის ვაქცინა – ჰოლანდიური წარმოების „ინფლუვაკი“, რომელიც სამკომპონენტიანია –  შეიცავს სამი ვირუსის შტამს და ფრანგული „ვაქსიგრიპი ტეტრა“, რომელიც, შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებული ფორმულითაა დამზადებული და ოთხი ვირუსის საწინააღმდეგოა.

ჟღენტის განმარტებით, ვაქცინების შემადგენლობა განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს, რომელი შტამის გავრცელებაა მოსალოდნელი უახლოეს სეზონზე და რომელს ახასიათებს ყველაზე სერიოზული გართულებები.

ირმა ჟღენტის განცხადებით, ყოველწლიურად, სეზონზე ვირუსის 200-მდე შტამი ვრცელდება, ვაქცინა კი, ადამიანს იცავს ყველაზე საშიში ვირუსების გართულებებისგან და ასევე, მკვეთრად ამცირებს ვირუსით დაინფიცირების ლეტალური შედეგის ალბათობას.

მისივე თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვები საუკეთესო პერიოდია ვაქცინაციისთვის, რადგან ვაქცინის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდით ვრცელდება.

ე.წ. ფასიანი ვაქცინაციის ღირებულება 30 ლარიდან 50 ლარამდეა. ვაქცინაცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა კლინიკაშია შესაძლებელი.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაქცინაციას, ის განკუთვნილია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უფასოდ აცრები ჩაუტარდებათ დიალიზზე მყოფ პაციენტებსა და მათ მომვლელ პერსონალს, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულებს, c ჰეპატიტით დაავადებულებს, აივ-ინფიცირებულებს, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირებსა და პერსონალს, ასევე ორსულებს.