გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა 
გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა 

საქართველოში, ერთი კვირის განმავლობაში, გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მცირედით დაიკლო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გასული კვირის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემით, რომელიც გასული კვირის მაჩვენებლებს ასახავს, საქართველოში გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 216-ია. წინა კვირაში კი, 100 ათას მოსახლეზე 219 შემთხვევა იყო

„წინა კვირისგან განსხვავებით, დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საუბარია ჰოსპიტალიზაციაზე მწვავე რესპირატორული ინფექციებით, რომელიც დიდი ალბათობით, ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა გაზრდილი. გასულ კვირაში არც ერთი მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომელიც ინტენსიურ ან რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებს. წლევანდელი ტენდენციით გრიპის სეზონის მიმდინარეობა შედარებით უფრო მშვიდია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ლაბორატორიულად 66 პროცენტი „ბე“ ტიპის ვირუსებზე მოდის, შემდეგია „ა“ ტიპის ვირუსები, მათ შორის H3 ისე H1.

„ასევე ცირკულირებს სხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები. დღევანდელი მონაცემებით,  ვაქცინაცია, როგორც გრიპის პროფილაქტიკისთვის ყველაზე ეფექტიანი პრევენციული საშუალება, ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფის 97 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა.  ნებაყოფლობით კერძო სექტორის მიერ აცრილია დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანია. საერთო ჯამში 2.5-3-ჯერ მეტი ადამიანი ავცერით, ვიდრე გასულ წელს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძე ხაზს უსვამს ბაგა-ბაღების აღმზრდელების აცრის მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ ჯგუფში აიცრა დაახლოებით 17 ათასი ადამიანი, რაც თავის მხრივ ბაღებში გრიპოზული ინფექციის გავრცელების პრევენციის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, მისი ინფორმაციით, წელს პირველად აიცრა დიაბეტით დაავადებული 19 ათასი ადამიანი და 29 ათასამდე სამედიცინო პერსონალი.