გრიგორი როდჩენკოვი - როცა ვლადიმირ პუტინზე მუშაობ, „არას“ თქმა არ შეიძლება
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ინფორმატორმა გრიგორი როდჩენკოვმა ინტერვიუში ილაპარაკა იმის შესახებ, არსებობს თუ არა მისი ლიკვიდაციის საფრთხე რუსეთში დოპინგ-სისტემის მხილების გამო, აგრეთვე განაცხადა, რომ გააგრძელებს სპორტში მაქინაციების შესახებ ინფორმაციების გამჟღავნებას.
„არ შემიძლია შევაფასო – რამდენად რეალურია ჩემი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე. არ ვიცი, რამდენად შორს ან ახლოს არის ისინი. საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ და თავს კარგად ვგრძნობ.
დროთა განმავლობაში, საკუთარი თავის მიმართ ნდობა აღვადგინე. ათობით მამხილებელი დოკუმენტი წარმოვადგინე, უამრავ დაკითხვაზე და ჯვარედინ დაკითხვაზე ვიყავი. და ყოველ ჯერზე ცხადი ხდებოდა, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ სიმართლეს შეესაბამებოდა და ამის შემოწმება შესაძლებელი იყო.
როცა ვლადიმირ პუტინზე მუშაობ, არ შეიძლება „არას“ თქმა. ვფიქრობ, ჭკვიანი ხალხი მთელი მსოფლიოდან ხედავდა, რა ემართებოდათ მათ, ვინც პუტინის ბრძანებებს არ ასრულებდნენ. მე სხვა გამოსავალი არ მქონდა გარდა იმისა, რომ შემესრებულინა ის სამუშაო, რასაც ხელმძღვანელობა მავალებდა. ეს იყო შეთქმულება, რომელიც მთავრობის უმაღლესმა ეშელონებმა შეუკვეთეს.
მაგრამ, როცა დავინახე სიმართლის გამოაშკარავების შესაძლებლობა, საკუთარი თავი მთლიანად ამ საქმე მივუძღვენი.
დღეს მე საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვააშკარავებ სიმართლეს, რათა გზა მივცე სუფთა და სამართლიან სპორტს, რომელიც სახელმწიფოსგან დაფინანსებული კორუპციისგან თავისუფალი იქნება.
ჩემი მიზანია – გავაგრძელო სიმართლის გამოაშკარავება, რათა საერთაშორისო სპორტი განთავისუფლდეს დამღუპველი კორუპციისგან და განვითარდეს სამართლიანობის მიმართულებით, რათა სუფთა სპორტსმენებმა შეძლონ თანაბარ პირობებში კონკურენცია“, – თქვა როდჩენკოვმა.