გრიგორი კარასინი - ვფიქრობ, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში შინ იქნება
გრიგორი კარასინი - ვფიქრობ, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში შინ იქნება

ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს. ვაჟა გაფრინდაშვილის პრობლემა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გადაიჭრება, – ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მხარეები დახურულ კარს მიღმა თითქმის სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ. კარასინის თქმით, შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ უპირველესად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენა.

„ვისაუბრეთ სირთულეებზეც. საუბრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ წამოჭრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ჩვენ, თავისთავად, საქმის კურსში ვიყავით. გვქონდა კავშირი, კონტაქტი – როგორც ქართულ, ასევე ოსურ მხარესთან სხვადასხვა დონეზე. იმედი გვაქვს, ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი მხრიდან გაჟღერდა აზრი იმის თაობაზე, რომ მუდმივად უნდა ვმოქმედებდეთ ჟენევის დისკუსიის ჩარჩოებში. სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც არსებობს. უნდა ვაიძულოთ, იმუშაონ ინსტრუმენტებმა, ცხელმა ხაზმა. საჭიროა სოხუმსა და ცხინვალში, თბილისში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტების უფრო მიზანმიმართულად გამოყენება. თუ ეს ინსტრუმენტები იმუშავებს, ჩვენ გარანტია გვექნება, რომ ასეთი დრამატული შემთხვევები აღარ განმეორდება. ეს მექანიზმები სრულად არ მოქმედებს და ამიტომ ვსაუბრობ. უნდა იურთიერთონ სხვადასხვა უწყებებმა. მაგალითად, მე და ზურაბი ვურთიერთობთ, ვმსჯელობთ, გვაქვს კონტაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროები მუშაობენ ერთმანეთთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს, ხოლო გაფრინდაშვილის პრობლემა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ვფიქრობ, ის უახლოეს დღეებში შინ იქნება, იმედი მაქვს. მაგრამ რადგანაც გაფრინდაშვილი იმყოფება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამაზე უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც იქ იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა იმედი მაქვს, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს. ამისათვის ვიყენებთ მთელ ჩვენს კონტაქტებს. მოდით, დაველოდოთ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.