გრიგორი კარასინი - საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. ღვინის სანქციების თემა დახურულია
გრიგორი კარასინი - საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. ღვინის სანქციების თემა დახურულია

საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. ღვინის სანქციების თემა დახურულია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში თავად არის სანქციების ზეწოლის ობიექტი, ცდილობს, ფრთხილად მოეკიდოს სხვა სახელმწიფოებთან დამოკიდებულებაში მსგავსი შემზღუდველი ზომების მიღებას.

„საქართველოში ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში არსებული ტალღის დროს, სახელმწიფო დუმაში განიხილეს რუსეთში ქართული ღვინის და მინერალური წყლების აკრძალვის იდეა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა დაბალანსებული მიდგომის სასარგებლოდ, თავშეკავებისკენ მოუწოდა, ხელმძღვანელობდა რა ჩვენი ინტერესებით. ასეთ შემთხვევაში, დღეს ე.წ. ღვინის სანქციების თემა საქართველოსთან მიმართებაში დახურულია“, – თქვა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოში 8 ივლისიდან ავიაგადაზიდვების შეწყვეტასთან დაკავშირებით, დროებით ხასიათს ატარებს და მისი გაუქმების პირობა ნათლად აღნიშნულია.

გრიგორი კარასინით თქმით, ამისთვის საჭიროა, საქართველოში ვითარების სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის გაქრობა. კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს თავის მხრივ ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რაც ორივე ქვეყნის და ხალხის ინტერესებშია.