გრიგორი კარასინი - სამწუხაროა, რომ თბილისმა უარი თქვა 3+3-ის სხდომაში მონაწილეობაზე, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა პრობლემური საკითხი და მოვძებნოთ გამაერთიანებელი თემები
გრიგორი კარასინი - სამწუხაროა, რომ თბილისმა უარი თქვა 3+3-ის სხდომაში მონაწილეობაზე, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა პრობლემური საკითხი და მოვძებნოთ გამაერთიანებელი თემები

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა რუსეთში შვეიცარიის ელჩთან, კრისტინა მარტი ლანგთან შეხვედრაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხები განიხილა.

რუსეთის ფედერალური კრების ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყნის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა შვეიცარიის წარმომადგენლებთან საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური ურთიერთობა და შვეიცარიელი პარტნიორების შუამავლობა საქართველოში რუსული ინტერესების წარმომადგენლობაში და რუსეთში საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობაში.

„ეჭვგარეშეა, ეს დადებითად აისახება პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთლიანად მსოფლიოში“, – განაცხადა შეხვედრაზე კარასინმა.

კარასინმა შვეიცარიელ დიპლომატს აცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შესახებ, რომელიც გაიმართა 24 ნოემბერს ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. რუსულმა მხარემ ასევე მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს დაბალანსებული, არაპოლიტიზებული თავმჯდომარეობისთვის გადაუჭრელ საკითხებზე ერთობლივი კომიტეტის სხდომებზე, საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის შეთანხმების განხორციელების ფარგლებში. თავის მხრივ, კრისტინა მარტი ლანგმა ნოემბერში თბილისში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გრიგორი კარასინმა შვეიცარიელი დიპლომატის ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს პოლიტიკის შესახებ.

„სამწუხაროა, რომ თბილისმა უარი თქვა რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმის, 3+3-ის სხდომაში მონაწილეობაზე. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა პრობლემური საკითხი და მოვძებნოთ გამაერთიანებელი თემები, გავაერთიანოთ ინტერესები ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში, მიუხედავად ყველა არსებული წინააღმდეგობისა“, – თქვა კარასინმა შეხვედრაზე.