გრიგორი კარასინი - ირაკლი კვარაცხელიას თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს
გრიგორი კარასინი - ირაკლი კვარაცხელიას თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.

„გამოძიება დასრულებული არ არის. როგორც ვიცი, ის არც საქართველოში დასრულებულა. ჩვენი პოზიცია ასეთია – ამ თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს.

ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ტრაგიკული საქმე. თან გვქონდა საგამოძიებო პროცესის მონაცემები. 25-ში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა იქნება და იქ ამ თემაზე დიალოგი გაგრძელდება“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა საქართველოში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების საკითხზე.

„ჩვენი აზრით, ეს არ არის მართებული გადაწყვეტილება. ის ხელს უშლის დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის ბევრ ელემენტს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის. ეს დასავლური კალკაა, კავკასიაში ეს არ იმუშავებს და მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს. უკეთესია დიალოგის დალაგება ჟენევის დისკუსიის ფარგლებში“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.