გრიგორჩუკი ლატვიასთან მოლაპარაკებას არ ადასტურებს
გრიგორჩუკი ლატვიასთან მოლაპარაკებას არ ადასტურებს

ერთა ლიგის გათამაშება სექტემბერში დაიწყება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ”დ” დივიზიონში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

ჯგუფში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე ლატვიის ნაკრებია – ამ გუნდის მიმართ ინტერესიც აქედან გამომდინარეობს. ბალტიისპირელთა ნაკრები კი მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ფარერებთან (1:1) და გიბრალტართან (0:1) მატჩების შემდეგ ალექსანდრ სტარკოვსი პოსტიდან გადააყენეს.

ლატვიური გამოცემის, ”სპორტა ცენტრს”-ის ინფორმაციით, სტარკოვსი, შესაძლოა, უკრაინელმა რომან გრიგორჩუკმა შეცვალოს, რომლის ხელმძღვანელობითაც აზერბაიჯანული “გაბალა” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ის ლატვიაში 10 წელი მუშაობდა – 1999–2000 წლებში ”დინაბურგის” მწვრთნელის ასისტენტად, ხოლო 2000–2004 წლებში – უკვე მთავარი მწვრთნელი გახდა, 2005–2009 წლებში კი ”ვენტსპილსში” იმუშავა და ლატვიურ ფეხბურთს კარგად იცნობს.

გრიგორჩუკმა ლატვიელებთან მოლაპარაკება უარყო.

„ამ ეტაპზე, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციიდან შემოთავაზება არ მქონია და თუ ოდესმე მოლაპარაკება დაიწყება, მაშინ დავფიქრდები. ლატვიასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – ამბობს გრიგორჩუკი.