გრიგოლეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში თურქი სპეციალისტები კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვებიან
გრიგოლეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში თურქი სპეციალისტები კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვებიან

გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ გაჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა.

„სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან ჩამოყვანა.

ქართულ და თურქულ მხარეებს შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, საქართველოში მოქმედი ყველა აუცილებელი წესის დაცვით, დამატებითი რაოდენობის თანამშრომლების ჩამოყვანის თაობაზე. საქართველოში თურქეთის საელჩოსა და უწყებათაშორისი შტაბის ხელშეწყობით, პროექტის განმახორციელებელმა თუქრულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინასწარ მოამზადა უსაფრთხოებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა. თურექთიდან ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტების პერსონალი გადაიყვანეს სასტუმროში, სადაც ისინი 14 დღიან იზოლაციას გაივლიან. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ჩამოსულები შემოწმდნენ PCR ტესტით, სასტუმროში კი მათ არსებული სტანდარტის მიხედვით მუდმივ მეთვალყურეობას გაუწევს მედპერსონალი“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლის შემდეგ, თურქული კომპანიის თანამშრომლებს კვლავ ჩაუტარდებათ PCR ტესტი და ექიმის დასკვნის საფუძველზე ისინი პროექტებზე მუშაობას შეძლებენ.

„საიზოლაციო პერიოდის და PCR ტესტირების ხარჯებს გაიღებს თურქული მხარე. ამ დროისთვის, გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეა. ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.