გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ხორციელდება და ქვის სვეტებისა და სადრენაჟო ფითილების მოწყობა მიმდინარეობს.

​საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი, ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, ოთხი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

„აღნიშნული პროექტი, გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და სამტრედიიდან-ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-მდე ახალი გზა, საშუალებას მოგვცემს საკურორტო ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ. რაც ქვეყნისთვის და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვების, ასევე ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლას“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი.