გრიგოლ ვაშაძემ ყრილობის მონაწილეებს თეზისებით მიმართა - ვისაც ჰარი პოტერობა უნდა, ჩვენთან ერთად ვერ იბრძოლებს; დავიოკოთ ამბიციები
გრიგოლ ვაშაძემ ყრილობის მონაწილეებს თეზისებით მიმართა - ვისაც ჰარი პოტერობა უნდა, ჩვენთან ერთად ვერ იბრძოლებს; დავიოკოთ ამბიციები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ნაცმოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს ყრილობაზე თეზისებით მიმართა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, პარტია ერთობის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ერთობა. ვერაფერს გავხდებით, თუ ერთი მიზნისკენ არ ვიქნებით მიმართული. არავითარი ჯადოსნური ხერხი არ არსებობს, ზუსტად ისე, როგორც არ არსებობდა 2003 და 2012 წლებამდე, გარდა მძიმე ყოველდღიური შავი სამუშაოსი და ვისაც ჰარი პოტერობა უნდა, ის ჩვენთან ერთად ვერ იბრძოლებს; გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ძალიან სწრაფად უნდა დავამთავროთ დაწყებული სამუშაო პროგრამაზე. საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს არჩევნებამდე, ხელისუფლებაში დაბრუნებამდე ძალიან დიდი ხნით ადრე რას გავაკეთებთ პირველ 30 დღეში, პირველ 100 დღესა და პირველ წელიწადს;

დავიოკოთ ამბიციები. რახან გულწრფელად ველაპარაკებით ერთმანეთს, პატიოსნად ვუთხრათ ყველაფერი. შეერთებული შტატების არჩევით თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს დაწყებული აქვთ ყველაფერი პირველი საფეხურიდან და ჩვენ მათზე უკეთესი არანაირად არ ვართ;

არასოდეს დავივიწყოთ ვარდების რევოლუციის იდეალები და ღირებულებები. მაშინ ჩვენი მხარდამჭერების პატივისცემას შევინარჩუნებთ, ხოლო ჩვენგან განაწყენებული საზოგადოების ნაწილს უკან დავაბრუნებთ;

უპირველეს ყოვლისა, ჩავერიოთ ჩვენი რეგიონული ორგანიზაციების მუშაობაში, ვაკრიტიკოთ, შევუერთდეთ, ვიბრძოლოთ მათთან ერთად, უმოწყალოდ ვაკრიტიკოთ;

ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. ჩვენთვის ფინანსების მოძიება ყველას ამოცანაა, რადგან ოლიგარქს შიშველი ხელებითა და ენთუზიაზმით ვერ დავამარცხებთ.

ჩვენი მხარდამჭერების ხარისხიანი მონაცემების ბაზა და უზარმაზარი ნაბიჯი გაგვაკეთებინა ამ მიმართულებით გიორგი ვაშაძემ და პაატა მანჯგალაძემ;

აუცილებლად განვსაზღვროთ ვის ველაპარაკებით, ნუ დავკარგავთ დროს იმ კარებზე კაკუნით, რომლის მიღმაც სახელმწიფო ბიუჯეტზე მიტმასნილი ბიუროკრატი ცხოვრობს.

მიზანმიმართულად ვიმუშაოთ და რეგიონული ორგანიზაციები უნდა გაგვიძღვნენ ამ სამუშაოში წინ, რადგან ეფექტი გვქონდეს;

ციფრებითა და ფაქტებით ველაპარაკოთ მოქალაქეს; კვლევები ძალიან სერიოზული ფაქტორია, მაგრამ არც ერთი კვლევა არ არის ქვაზე ამოკვეთილი ბიბლიური 10 მცნება, ასე რომ, იყოს, სოციოლოგები ჩაატარებდნენ არჩევნებს და თვითონ არჩევნები საჭირო აღარ იქნებოდა, ამიტომ ნურც ძალიან გავიხარდება ხოლმე კვლევები და ნურც ხელებს ჩამოვუშვებთ, თუ უცბად ვხედავთ, რომ არჩევნების საარჩევნო კამპანიის რაღაც ეტაპზე მისი შედეგები ჩვენ არ მოგვწონს;

რამდენ მოქალაქესაც შევხვდებით და ჩამოვართმევთ ხელს, რამდენი ადამიანის გასაჭირსაც მოვისმენთ, იმდენი ხმა გვექნება და ამას ვერავითარი ტელევიზია და „ფეისბუქი“ ვერ ჩაანაცვლებს; სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ გაერთიანებული ოპოზიციის ანალიტიკური ჯგუფის მიერ დაწყებული კვლევა, რა ეფექტი მოიტანა განთავსებულმა ფასიანმა რეკლამამ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო მომავლის პარტია; უნდა შევიგნოთ მარტივი, რომ ერთობა, დისცილპინა, ყოველდღიური მუშაობა და ჩართულობა, ნუ მოვითხოვთ ინსტრუქციებს, ჩვენ თვითონ შევთავაზოთ პოლიტსაბჭოსაც და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ინიციატივები, სხვანაირად არაფერი გამოვა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.